logo
ENG



"მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს" - "ოცნების" სხდომის პარალელურად ოპოზიცია აქციას მართავს

11 ივლ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციონერი ლიდერები ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ და შიგნით შესვლას ცდილობენ.

მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

ადგილზე მისულები არიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ანზორ ბიწაძე, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. ისინი ითხოვენ, გადადგეს მთავრობა.

„ვაპირებთ შესვლას ოცნების ოფისში. მოძალადეობრივმა ჯგუფმა სახელად დაირქვა არა სიკვდილის ბრიგადა, არამედ ქართული ოცნება. არსებობს ერთადერთი გამოსავალი - მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს. ყველანი, ვინც სად უნდა ვიყოთ, ვბრუნდებით თბილისში და ყველანი გამოვდივართ ექვს საათზე. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი - ან პასუხი უნდა გავცეთ, ან ვაღიაროთ, რომ ივანიშვილებს, ღარიბაშვილებს, ფარცხალაძეებს ვაბარებთ ქვეყანას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ადგილზე მისულმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისზე წითელი საღებავის შესხმა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტებმა კი ოფისის წინ წარწერების დატოვება სცადეს.

„ამდენი პოლიციელი რომ რუსთაველზე ხუთში ყოფილიყო, ასეთ მძიმე დღეებს არ მივიღებდით, არ დავკარგავდით ლექსოს სიცოცხლეს. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, მით უმეტეს, პარლამენტში გვიწევს შესვლა, სასწრაფოდ მოხდეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა, რომ შექმნილი სიტუაცია იქნას განმუხტული", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სავარაუდოდ, აქციაზე არიან დაკავებულებიც. მათ შესახებ ფორმულა ინფორმაციას შსს-სთან ამოწმებს.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას დააანონსეს. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

 

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 


close დახურვა